ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის – გინდათ აქ მოაწყოთ პროვოკაცია

“თქვენ ინფორმაციის მიღება კი არ გინდათ, თქვენ გინდათ, აქ მოაწყოთ პროვოკაცია“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს, რომელთაც კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის დაწყების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს არ მისცეს. ​
​როგორც კობახიძემ განაცხადა, იგი აღნიშნულ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
„თქვენ ინფორმაციის მიღება კი არ გინდათ, თქვენ გინდათ აქ მოაწყოთ პროვოკაცია. კომუნისტების სოლიდარობა არ გაიშვას. ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ცოდნის გზით იაროთ. თქვენ უნდა დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები. ასე იღებს ადამიანი ცოდნას. თქვენ დღესაც კი არ გინდათ, რომ დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. მე ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების საჭიროებას, რადგან აქ კითხვები არ ისმება იმისათვის, რომ მიიღონ პასუხები. კითხვები ისმება იმისათვის, რომ მოაწყონ პროვოკაცია. პროვოკაციების მოწყობის ადგილი აქ არ არის. საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო და არასოდეს არ დაბრუნდება. ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც სწორედ ამ გზას ემსახურება. ქართული საზოგადოება -ეს არის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და არა ბოლშევიკებისა და მენშევიკების საზოგადოება“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის რიგით მე-11 საყოველთაო განხილვა თბილისში ჩაიშალა. საყოველთაო განხილვის დაწყების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს ფილარმონიაში შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არ მისცა. სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები