გიორგი გახარია: დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან ეკონომიის მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და დადასტურების შემთხვევაში, ყველა იქნება დასჯილი.

„პირველ რიგში, თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ ყველა მეშახტეს, ყველა ტყიბულელს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და გაკეთდება, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ნათელი გამოძიება, იმ ფაქტების დადგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. მეორე რიგში, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. და ახლა რაც მთავარია, უნდა მივხედოთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც აქ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება შემდგომ.
სამწუხაროდ, დღეს რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ტექნიკური უფრო ტექნოლოგიური კატასტროფა და დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა თითოეულ ტყიბულელს.
ამ დროის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს ტრაგიკული მოვლენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიება და დადასტურების შემთხვევაში, ყველა იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ოთხი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები