ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლის დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ

“სკოლის დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ, სამინისტრო დაეხმარება”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ხუთი დირექტორის სკოლების საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი მზად არის, თუ საქმეს დასჭირდება, 25 სკოლის დირექტორიც გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
„ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ რომელი დირექტორები გათავისუფლდნენ, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელი სკოლების დირექტორები გათავისუფლდნენ. თუმცა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ სისუფთავის კუთხით, მდგომარეობა ასობით სკოლაში გაუმჯობესდა.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან დაკავშირებული, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები. რის შედეგადაც, თბილისსა და რეგიონში 5 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები