ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს

„საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს და შუამდგომლობის წაყენებისას, მხარეთა მიერ იმის მოშველიება, რომ საპატრიარქოს იმიჯი არ შეილახოს, ჩვენთვის მიუღებელია“, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შუამდგომლობაში იმ არგუმენტების მოშველიება, რომ კონსტიტუციური შეთანხმებიდან, საპატრიარქოს განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, რომ არ შეილახოს საპატრიარქოს იმიჯი, ეს არგუმენტები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს და მხარეთა მიერ მოშველიება იმისა, რომ საპატრიარქოს იმიჯი არ შეილახოს და ეს იყო სხდომის დახურვის ძირითადი არგუმენტი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება და თხოვნა, რომ დავუშვათ, რაიმე უნდა იყოს დასამალი. ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია. მხარეები გარკვეულწილად, გარემოებებზე საუბრობენ და თუნდაც წინასასამართლო სხდომა არ წარმოადგენს ისეთი განხილვის ეტაპს, სადაც შეიძლება გარკვეული პირები დაიკითხონ, ან გარკვეული მტკიცებულებები იყოს გამოკვლეული“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
​რაც შეეხება გარკვეული პირების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების არგუმენტს, საპატრიარქოს იურისტის განმარტებით, შესაძლებელია, ასეთი პირების სასამართლოში დაკითხვის ეტაპზე დამდგარიყო შუამდგომლობა პროცესის დახურვის თაობაზე.
„აქედან გამომდინარე, ჩემთვის, აპელირება და გადაბრალება საქართველოს საპატრიარქოზე, რომ თურმე მის ინტერესებში შედის პროცესის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
​ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი შონიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც შონიამ აღნიშნა, საქმეში არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა გამჟღავნება საინტერესოა საზოგადოებისთვის. ამასთან, მოსამართლის თქმით, ამ პირების პირადი მონაცემების საჯაროდ გამოტანა მათი თავისუფლების ხელყოფა იქნება. სხდომის დახურვის მოთხოვნით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურორების მოთხოვნას ადვოკატები არ დაეთანხმნენ. სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ბრალდებულიც

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები