გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი

“საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან კავშირებისა და ურთიერთობების განმტკიცებას. პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისთვის პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება. დღეს, ყოველი ჩვენგანი უკვე ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოების ყველა წევრისაგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში. დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროკომისარ ჰანს ვიზიტისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ დასახულ მიზნებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისარი ​იოჰანეს ჰანი საქართველოში 4 მაისს ჩამოვიდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის მიმდინარეობისას, ევროკომისარს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები