საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში, სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება.
​ცვლილებათა პროექტს მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააცნობს. მოქალაქეებმა შეკრება ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში დილიდან დაიწყეს. ქუთაისის მცხოვრებლების გარდა, თეატრის ეზოში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანებიც იკრიბებიან. ამბობენ, რომ სხვადასხვა შინაარსის შეკითხვების დასმას გეგმავენ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხია. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს და პარლამენტი ქუთაისში დატოვოს.
​უმრავლესობის წევრებთან ერთად, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკუთარ პოზიციას ხალხს “ევროპული საქართველოც” გააცნობს. პარალელურად, დაგეგმილია აქცია თეატრის ეზოში, აქციის მონაწილეები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას მოითხოვენ.
მოსახლეობასთან შეხვედრები 15 მაისს, თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში განახლდება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები