სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა, გიორგი ჯიბლაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო, შპს „მარანული“დაათვალიერეს.
შპს „მარანული“ 2015 წელს გაიხსნა. საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 300 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოებული 285.000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია სახელმწიფო პროექტის, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,350,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.
უწყების ცნობით, 2013 წლიდან, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო, აქედან კახეთის რეგიონში 53 ახალი საწარმოა შექმნილი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები