კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე ტრენინგი გაიმართა

სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საბჭოს აპარატის, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ის ოთხი ფაზის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნეს. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ტრენინგს BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ნეიჯელ ქეი უძღვებოდა. დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით განხილული იქნა კრიზისული სიტუაციების დროს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და მედიის და ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობა. ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამაგიდო სიმულაციური სავარჯოშოები და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგის ფარგლებში შედგა სახელმძღვანელოს “მედია და ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია საქართველოში კატასტროფების მართვის შესახებ და აღწერილია ის ბუნებრივი საფრთხეები, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი. სახელმძღვანელო ასახავს მედიის როლს რისკების შემცირების, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ფაზებში.
მედიატრეინინგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების: “არბაითერ სამარიტერ ბუნდის“ (ASB), ოქსფამის“ (OXFAM) და “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების“ და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში. ამასთანავე, იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის ასოცირებული ლექტორი. ნეიჯელ ქეის დაარსებული აქვს კომპანია „ნეიჯელ ქეი მედია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები