ეკოლოგიური კატასტროფა თუ მერიის დისკრედიტაციის მცდელობა – რა ხდება ლისის ტბაზე
„SOS! კატასტროფა ხდება ლისის თავზე” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ვიდეო განათავსა. ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიზანმიმართულად ხდება ნაძვების განადგურება, ხეების ძირის დაწვა, რათა შემდეგ ისინი გახმეს და მოიჭრას.
ხაბეიშვილის ბრალდებებს მერიაში დეზინფორმაციას უწოდებენ. საკითხზე კომენტარი დედაქალაქის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. დამწვარი ხეების საკომპენსაციოდ კი ბევრი ხე დაირგო.
„ნახანძრალი ტერიტორიაა. ცეცხლი რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში ბალახს გაუჩნდა და ხეებზე გადავიდა. დამწვარი ხეების საკომპენსაციოდ, ბევრი ხე დარგეს. კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი გამორიცხულია. დეზინფორმაციით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, სირცხვილია. ჯერ გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ ისაუბრონ. ან ბარი აიღონ და ქალაქი გაამწვანონ, ხეები დარგონ, ასე თუ შესტკივათ გული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბრალდებებს კიდევ უფრო მწვავედ უპასუხა დავით ნარმანიას მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ. მან საკითხთან დაკავშირებით ჯერ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი ამავე თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
ლექვინაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგია, ლევან ხაბეიშვილი კი მოვლენას სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს. მისი შეფასებით, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პიროვნების მხრიდან, მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია.
თბილისის მერის მოადგილემ, არქივიდან ფოტომასალაც გამოაქვეყნა, რომელიც 2012 და 2016 წლებში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგებს ასახავს. მისივე თქმით, მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს.
,,გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია, „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებითაც კერძო მესაკუთრემ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.
ამასთან, არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტყის რესურსების კონტროლის განყოფილების უფროსი არსენ ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ხეების ხმობა, დიდი ალბათობით, ხანძრის შედეგად არ არის გამოწვეული. მისივე თქმით, ხანძარი ახალო პერიოდში გაჩენილი არ არის, რადგან ტერიტორიაზე ბალახია ამოსული.
„მე რაც ვიზუალურად ვნახე, ხეებს ფესვების ყელი აქვს მომწვარი, მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახია ამოსული. დამწვარი რომ იყოს, ბალახი ვერ ამოვიდოდა. ხეების ხმობა ხანძრით არ არის გამოწვეული, იმიტომ, რომ ეს ხანძარი ახალი მომხდარი არ არის, ფოტომასალაზე კი ჩანს, რომ ტერიტორიაზე უკვე ბალახია ამოსული“, – განუცხადა „კვირას“ არსენ ჩინჩალაძემ.
ვიდეოზე ასახული ტერიტორია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს. კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ სარეკრეაციო ზონაში სამუშაოების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტერიტორია რეკრეაციული ზონაა, რომელიც ამავე ფუნქციას შეინარჩუნებს. როგორც ადეიშვილმა განაცხადა, მათ ყოველწლიურად უწევთ ბრძოლა მინდვრის სეზონურ ხანძრებთან და მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2016 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვა შსს-სა და მერიის მხრიდან და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც ნოდარ ადეიშვილმა განაცხადა, ამავე წელს კომპანიამ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს, რათა მომხდარიყო დაზიანებული ხეების შესწავლა, მომზადდა ოფიციალური დასკვნა აღნიშნული ხეების მდგომარეობის შესახებ. კომპანია ასევე გეგმავს პრევენციული და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, რათა მოხდეს აღნიშნული მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომ მისი შენარჩუნება.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას და ეს ტერიტორია მუდმივად იქნება რეკრეაციულ ზონად შენარჩუნებული. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ვანდალურ აქტს და მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას გარემოს დაცვის კუთხით. 2012 წელს, ასევე, 2016 წელს დაფიქსირდა ხანძრის ფაქტები, არსებობს ამ ყველაფრის ამსახველი ფოტომასალა, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვა შსს-სა და მერიის მხრიდან და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ ხეების მდგომარეობა შესწავლილია კომპანიის მიერ, კომპანია მომავალში გეგმავს პრევენციული ზომების ჩატარებას იმისთვის, რომ აღნიშნული საფარი შენარჩუნდეს. ჩვენ ყოველწლიურად ათასობით ხეს ვრგავთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში, მარტო ლისის ტბის გარშემო, 3 000 -ზე მეტი ხე დაირგო, აღარ ვგულისხმობ იმ ტერიტორიას, სადაც მშენებლობას ვახორციელებთ. ჯამში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე 10 000 ხეზე მეტია დარგული“, – აღნიშნა ადეიშვილმა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დღეს მედიის წარმომადგენლებს ის ტერიტორია დაათვალიერებინა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. ჟურნალსიტებს საშუალება მიეცათ, ლისის ტბის გარშემო კომპანიის მიერ გამწვანებული ტერიტორიებიც ენახათ.