“ჩვენი ოპონენტი პარტიები უკვე არარსებულ კანონებში ითხოვენ ცვლილებებს”

ჩვენი ოპონენტი პარტიები უკვე არარსებულ კანონებში ითხოვენ ცვლილებებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ 14 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას განაცხადა.

ბიუროს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართვა 14 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და „თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვის ვადის გაგრძელებისა და მასში იურიდიული კომიტეტის ჩართვის შესახებ, რომელსაც ბიურომ მხარი არ დაუჭირა.

„პარლამენტის ბიუროს მიმდინარეობისას დღეს ჩვენ გავხდით ისეთი მოვლენის მომსწრეები, რასაც ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. 14 პარტია ითხოვს ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსში და „თბილისის შესახებ“ კანონში. დავუშვათ, რომ პირველ შემთხვევაში მექანიკურ შეცდომას აქვს ადგილი. მეორე შემთხვევაში – „თბილისის შესახებ“ კანონი აღარ არსებობს და ის ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 2014 წლიდან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომელ პარტიებზეა საუბარი. ეს სწორედ ის პარტიებია, რომლებიც გამოდიან ხოლმე და ჭკვიანი სახეებით აპროტესტებენ, ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გვაკრიტიკებენ ჩვენ და ა.შ. პოლიტიკოსებისთვის ამისი არცოდნა ნამდვილად სირცხვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირწმუნები, რომ ამ ძალადაკარგულ კანონში რაღაც შესაცვლელია. ვფიქრობ, ამაზე მეტი კომენტარი მომხდარზე ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კიდევ ერთხელ სწორ დასკვნებს გააკეთებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს შემდეგმა პარტიებმა მიმართეს: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველი“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები