პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა – ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს.
სვენ მიკსერის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.
ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო.
სვენ მიკსერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმატებით ვითარდება.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაჭრობის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები