სვენ მიკსერი: საქართველო ესტონეთისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია

„საქართველო ესტონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია,-ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.
სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მინისტრმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯის მისაღწევად ქვეყანამ ნამდვილად დიდი ძალისხმევა გასწია.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რაც გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ამას ნამდვილად სერიოზული ძალისხმევა, საშინაო დავალების შესრულება დასჭირდა, რათა ქვეყანა მომზადებულიყო ვიზალიბერალიზაციის შემოღებისთვის.
ეს გახლავთ შემდგომი ბიძგი, სტიმული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ესტონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ეს მოხდება საკმაოდ რთულ პერიოდში ევროკავშირისთვის.
მიმდინარეობს და საკმაოდ დაძაბულია საარჩევნო კალენდარი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ჩვენი პრეზიდენტობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა დონის ამბიციაა ევრონტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველო არის ნამდვილად წარმატებული მაგალითი, ქვეყანა, რომელმაც დაისახა ძალიან ამბიციური მიზანი ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ მიზნამდე, უმნიშვნელოვანესია ეს პროცესები, რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება. რეფორმები, რომელიც ამ მიზნამდე მიიყვანს ქვეყანას, ძალიან ხშირ შემთხვევაში გვესახება მტკივნეულად და რთულად, მაგრამ ძალიან დადებითია საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სვენ მიკსერის განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების მიმართულებით.
„თქვენ ნატოს მისაბაძი პარტნიორი ხართ და დიდი წვლილი შეგაქვთ ნატოს ოპერაციებში და ასევე ძალიან კონსტრუქციულად მუშაობთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის მომხრეები ვართ და მოგიწოდებთ, რომ ყველა ფორმატი გამოიყენოთ” – აღნიშნა მინისტრმა.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები