„მათე მოტორსის“ მფლობელს შესაძლოა, ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაუმძიმონ

​ავტოიმპორტიორი კომპანიის – „მათე მოტორსის“ მფლობელს, გელა ბარკალაიას შესაძლოა, ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაუმძიმონ. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ადამიანის გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ბიზნესმენის კავშირები მის მოგვარე „კრიმინალურ ავტორიტეტ“ ფრიდონ ბარკალაიასთან, რომელსაც ქურდულ სამყაროში „ცანციკოს“ მეტსახელით იცნობენ.
სამართალდამცავებმა „მათე მოტორსის“ ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია 4 მარტს დააკავეს. „მათე მოტორსის“ მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაკავებული. დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბარკალაია თავის ყოფილ თანამშრომელ ქალბატონს სექსუალური შინაარსის ჩანაწერის გავრცელებით აშანტაჟებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერი გოგირდის აბანოებშია გაკეთებული. უფრო მეტიც, აღნიშნული ჩანაწერი ბარკალაიამ ამ ქალბატონის ოჯახს გაუგზავნა, რის შემდეგაც ინტერნეტში გამოქვეყნებითაც ემუქრებოდა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა გამოძიებას დაზარალებულმა.
​გამოცემის ინფორმაციით, ბარკალაია მას აგენტობის აღიარებას სთხოვდა. რატომ ფიქრობდა ბიზნესმენი, რომ ყოფილი თანამშრომელი მის წინააღმდეგ ინფორმაციებს აგროვებდა? რისი ეშინოდა გელა ბარკალაიას? საქმე, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან გელა ბარკალაიას კავშირებს შეეხება. „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც „მათე მოტორსის“ მფლობელის „კრიმინალურ ავტორიტეტთან“ ურთიერთობას ასახავს.
მართალია, 80 წლის ფრიდონ ბარკალაია (ცანციკო) „კანონიერი ქურდის“ სტატუსს უკვე აღარ ატარებს, მაგრამ კრიმინალურ სამყაროში ის საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. გამოცემა დაინტერესდა, რას წარმოადგენს კომპანია “Barkalai’s Group”, რომლის ოფისშიც გადაღებულია სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო. როგორც ხედავთ, კომპანიის ბანერის ფონზე სავარძელში ზის ყოფილი „კანონიერი ქურდი“ ფრიდონ ბარკალაია, მის გვერდით კი დგას „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია და კიდევ ერთი პიროვნება.
​ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიას კრიმინალური ავტორიტეტი მართავს, თუმცა საჯარო რეესტრის ინფორმაციით, “Barkalai’s Group” 2015 წლის დეკემბერში გელა ბარკალაიას მიერ არის დაფუძნებული. რა კავშირი აქვს გელა ბარკალაიას და „Barkalaia’s Group“-ს კრიმინალურ ავტორიტეტ „ცანციკოსთან“? ამის გარკვევას „პრაიმტაიმმა“ ბრალდებულის ადვოკატთან, ზურაბ როსტიაშვილთან შეეცადა, თუმცა მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.
​როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გელა ბარკალაია ერთხელ უკვე იყო დაკავებული ქრთამის მიცემის ბრალდებით, 2010 წელს. მისი დაკავება იმ დროს მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ. წინასაარჩევნოდ, „მათე მოტორსის“ წინ ბარკალაიამ ყვავილებით ხუთიანი შემოხაზა. ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად ბარკალია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის ტყუილს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ მან მიაწოდა ვანო მერაბიშვილს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს „მათე მოტორსმა“ პოლიციის მანქანაში ნახმარი ზეთები ჩაასხა. ჯანაშვილის „ტყუილი“ ბარკალაიას, საერთო ჯამში, 10 მილიონი ლარი დაუჯდა. ციხიდან ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები