მოსამართლეების კრიტიკა დასჯადი ხდება?! – ევა გოცირიძის სკანდალური ინიციატივა იუსტიციის საბჭომაც მოიწონა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე მოსამართლეების კრიტიკის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი პროექტი გოცირიძემ იუსტიციის საბჭოში უკვე წარადგინა და როგორც თავად ამბობს, კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ევა გოცირიძე ჟურნალისტებისთვის და მედიაორგანიზაციებისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებაზე საუბრობს.
„ამ თემაზე დისკუსია ამ დღეებში დაიწყება, ეს მას შემდეგ, როცა ჩვენ გამოვაქვეყნებთ „სანიმუშო“ ციტატებს, გამოთქმულს ჟურნალისტების მხრიდან სხვადასხვა მოსამართლის მისამართით. ჩემი ინტერესია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტთა კორპუსმა იმსჯელონ ამ ციტატების მაგალითზე.
აქ საუბარია იმაზე, როგორ მოხდეს პრევენცია და არა ვინმეს დასჯა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფინანსური სანქციების გამოყენება არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ რედაქციის მიმართ. დღევანდელი კანონმდებლობა არის ნაკლოვანი, მაგალითად, დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის გახდა ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი და მტკიცების არანაირი ტვირთი არ ეკისრება დეზინფორმაციისა და შეურაცხყოფის გამავრცელებელს. ასევე, სასამართლოსადმი შეურაცხყოფა მხოლოდ ვრცელდება სასამართლოს დარბაზში, იმის იქით, თუ ვინმე შეურაცხყოფს მოსამართლეს ან სასამართლო სისტემას, არანაირი სანქცია არ გამოიყენება“,- განუცხადა გამოცემას ევა გოცირიძემ.
როგორც სტატიიდან ირკვევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ევა გოცირიძის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი მოსამართლეების კრიტიკის შეზღუდვას, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას დაუკავშირდა.
„ინიციატივის ავტორის მიერ გარკვეული არგუმენტები შემოთავაზებულია, თუმცა ამას არავითარი სახე არ აქვს არც კანონპროექტის და არც რაიმე საკანონმდებლო წინადადების. მოსაზრების, დისკუსიისა და განსჯის ეტაპზე საუბარია, რომ გარკვეული ზღვარი იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და იმ დასაშვებ კრიტიკას შორის, რომლის მიღმა უკვე შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფის, ან ზემოქმედების შემადგენლობა იყოს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მოქმედი ნორმაა, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, ან ხელის შეშლას ეხება და ეს ისედაც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ იცით, რომ კონვენცია და კონსტიტუცია ამ უფლებას იცავს, მაგრამ ეს აბსოლუტური უფლება არ არის.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და შეგვიძლია, აქედან ვიხელმძღვანელოთ, როდის შეიძლება კრიტიკა დასაშვებად ჩაითვალოს და როდის ირღვევა ადამიანის პატივი და ღირსება. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება, რათა გარკვეული ჩარჩო არსებობდეს“, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები