როგორ უნდა დარეგულირდეს რესტორნებში მოწევის საკითხი – „ახალი რეგულაციები რესტორნებში კონფლიქტებს წარმოშობს“

„თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები ადმინისტრირების კუთხით ბევრ პრობლემას წარმოქმნის, ხშირად კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზიც გახდება“, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
როგორც ალავერდაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კანონის აღსრულება განსაკუთრებით რთული რესტორნებისთვის და იქ მყოფი მწეველი ადამიანებისთვის იქნება. „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, კონფლიქტი მოიმატებს და რესტორნებში ყოველ 15 წუთში საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება გახდება საჭირო.
„ჩვენ ველოდით გარკვეულ რეგულაციებს, სასტუმროების უმრავლესობა უკვე გადასული იყო ამ რეჟიმზე და ეს ამ კუთხით პრობლემებს არ შექმნის, მაგრამ ეს საკითხი პრობლემური იქნება რესტორნებთან მიმართებაში. გვასწავლონ, როგორ მოვახდინოთ რეგულაცია, რომ კონფლიქტი არ გაძლიერდეს და ყოველ 5 წუთში პატრულის გამოძახებამ არ მოგვიწიოს. როგორ წარმოგიდგენიათ ქელეხის 300-400-კაციანი სუფრა, სადაც მინიმუმ 100 ადამიანი ეწევა და რესტორნის თანამშრომელი ეუბნება, რომ გავიდეს, არ მოწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიძახებს პატრულს. ეს ნასვამი ადამიანი ქელეხის ან ქორწილის სუფრაზე როგორ წარმოგიდგენიათ კონფლიქტის გარეშე? 300 ადამიანში მინიმუმ 100 მაინც ეწევა. პრობლემა საკმაოდ რთულია. ეს გაზრდის კონფლიქტს, დაპირისპირებას და სხვა სახის პრობლემებს გამოიწვევს“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
​ალავერდაშვილის თქმით, პრობლემები შეექმნებათ „ჩილიმ ბარებსაც“. მისი თქმით, ეს არის ბარები, სადაც უშუალოდ მოსაწევად შედიან. ეწევიან ჩილიმს ან სიგარას.
„ამ ობიექტებისთვის შეიძლება ლიცენზიების გაცემა იყოს საჭირო, თუმცა არ ვიცით, ეს როგორ მოხდება, ადმინისტრირების რეალური სახე უნდა დავინახოთ, როგორ ჰპოვებს ეს ასახვას რეალურ ცხოვრებაში. საჭიროა მძლავრი კამპანია ტელევიზიით, რომ მწეველები აგრესიით არ შეხვდნენ მოწევის აკრძალვას“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
ალავერდაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს. მისი თქმით, ბევრი ობიექტი ადაპტირებული არ არის იმისთვის, რომ ზამთარში იქ მისული მწეველი ადამიანი გარეთ გამოვიდეს და ისე მოწიოს.
„ამას სჭირდება გარეთ ცალკე სივრცეები ზამთარში და წვიმიან ამინდში გამოსასვლელად. რეალობაში წარმოიდგინეთ, რომ აი, კაცი დგება სუფრიდან გამოდის და მერე შედის“, – აცხადებს ალავერდაშვილი.
ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ მოწევის შემთხვევაში, ჯარიმის ხარჯი სუფრის ღირებულებაში უნდა შედიოდეს.
„ჩვენ გვინდა რეგულაციების მიღება, მაგრამ აუცილებელია გვითხრან, როგორ უნდა მოხდეს ამის ადმინისტრირება ისე, რომ პერსონალთან კონფლიქტში არ შევიდეს მომხმარებელი ან დიდი ჯარიმა არ დაეკისროს მოწევის ფაქტზე თვითონ რესტორანს. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ეკისრება არა მას, ვინც მოსწია, არამედ იმ ადგილის ადმინისტრაციას, სადაც მოსწია. ასეთი პროვოკატორი კი შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები