ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად გურიაში აღნიშნა

აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა, ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა.
ნინო წილოსანმა სადღესასწაულო დღეები მთლიანად თავის მოსახლეობასთან გაატარა. დეპუტატი რამდენიმე სოფელში ოჯახებს პირადად ესტუმრა და სადღესასწაულოდ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, ერკეთის დედათა მონასტერში სპეციალურად დამზადებული პასკები და აქვე შეღებილი სააღდგომო კვერცხები გადასცა. ნინო წილოსანი ლანჩხუთში, ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრო. დეპუტატმა ქალთა ს/კ ,,ლანჩხუთის” წევრები, „სარბიელთან“ ერთად, სახელობითი მაისურებით დაასაჩუქრა. მაჟორიტარისგან დაპირებული საჩუქრები მიიღეს ლესის მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის ,,იმედის სხივის” აღსაზრდელებმა და მაჩხვარეთის ბიბლიოთეკამ. დღესასწაულმა საეკლესიო და საოჯახო რიტუალების შემდეგ, სოფელ შუხუთის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ლელო ბურთი იმართება ხოლმე. წელს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის ინიციატივით და მხარდაჭერით, ლანჩუთის გამგეობასთან ერთად, ღონისძიებებს უფრო მასშტაბური და სახალხო სახე მიეცა. ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სხვადახვა აქტივობა პარალელურად მიმდინარეობდა: ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაქაჩვა. ნინო წილოსანი ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად, ყველა ამ ღონისძიებას დაესწრო. დაათვალიერა ლელოს სამუზეუმო ექსპონატები, ასევე, სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დახლებზე გამოტანილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. მთელი დღის განმავლობაში, სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც ზრუნავდნენ, რომლებიც ტრადიციულ გურულ სიმღერებს მღეროდნენ. ნინო წილოსანმა გამგებელთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან ერთად, შუხუთის სკოლის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა, საიდანაც ყველას შეეძლება წიგნის წამოღება და დაბრუნება, და ასევე ახალი წიგნებით შევსება. დეპუტატმა საპატიო ლანჩხუთელებიც დააჯილდოვა. ასევე, დაჯილდოვდნენ სპორტსმენებიც. ღონისძიებები კი ლელო ბურთმა დაასრულა. ტრადიციული თამაში წელს ზემო შუხუთმა მოიგო.
„საოცარი დღეა. ყველას კარგი განწყობა აქვს და ერთმანეთს გადავცემთ ამ სიხარულს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. აღდგომა და ლელო აქ განუყოფელია, ვგეგმავთ, რომ მომავალში ეს დღე უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და ადგილობრივ მნიშვნელობას გასცდება. დღესაც დავინახე რამდენიმე ტურისტი და მინდა, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ ტრადიციის და საერთოდ, გურიის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გავხსენით სკვერის სამკითხველო. მას ლელოს ბურთის ფორმა აქვს და ამით ორმაგი დატვირთვა ენიჭება: ეს არის ერთგვარი სიმბოლო ამ სოფლის და თან მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ახსენებს, რომ წიგნის კითხვაც ისეთივე დიდი აზარტია, როგორც ეს სახალხო თამაში. ზემო შუხუთელებს ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებას. გურიას და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები