რა პირობებში უხდებათ საბერძნეთში ქართველებს მუშაობა და რა რატომ ეშინიათ მათ საკონსულოების

„შრომითი კანონმდებლობა საბერძნეთში დასაქმებული ქართველების მიმართ ხშირად ირღვევა, მაგრამ არ არის ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს. ასეთ ორგანიზაციას არც ევროკავშირი და არც საქართველო გრანტს არ მისცემს“, – აღნიშნული განცხადება დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ოკრიბელაშვილის თქმით, ხელისუფლების და სამართალდამცავების მხრიდან ქართველი ემიგრანტები რაიმე განსაკუთრებულ დევნას არ განიცდიან, თუმცა მათ უფლებებს დამსაქმებლები ხშირად უხეშად არღვევენ. არის ფაქტები, როდესაც დამსაქმებლები მათ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას აიძულებენ.
„არის შემთხვევები, როცა მათ არაადამიანურად ეპყრობიან. ცემით მათ არავინ სცემს, თუმცა ყვირილი, ზედმეტი საქმის მოთხოვნა, სახლიდან არგაშვება, ხელფასის დაკლება ან ერთი ორი თვის ნამუშევრის საერთოდ არმიცემა ხდება ხოლმე. ხომ არ შეიძლება ადამიანი ამუშაო ისე, რომ ერთი დღე არ მისცე დასვენების უფლება? არის შემთხვევები, როცა ქართველები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.
ოკრიბელაშვილის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს დოკუმენტი მიგრაციის შესახებ.
„ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ დამუშავებულა არც ერთი დოკუმენტი მიგრაციის შესახებ. მიგრაციას ჩვენთან არც ერთი დოკუმენტი არ არეგულირებს. დაუსვით კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენი ემიგრანტი გვყავს, რამდენი შრომითი მიგრანტი გვყავს, რამდენი იძულებით გადაადგილებული პირია გასული ევროპაში… ამ კითხვებზე ვერავინ გაგცემთ პასუხს, რადგან არ ვიცით, რომელ ქვეყანაში რამდენი ემიგრანტი გვყავს. საბერძნეთში 100 000 ქართველზე მეტი ცხოვრობს, თუმცა საკონსულოს აღრიცხვაზე მხოლოდ 34 000 დგას. ეს არიან ის ადამიანები, ვინც შეატყობინა საქართველოს რესპუბლიკას, რომ ის ამჟამად საბერძნეთში იმყოფება“, – აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.
ქართველი ემიგრანტების წარმომადგენლის თქმით, აღრიცხვაზე მყოფი ქართველების დაბალი რიცხვი გარკვეული შიშით არის განპირობებული. ოკრიბელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იტალიაში მომხდარი ფაქტი გაიხსენა, რასაც შედეგად ერთ ღამეში 3 000- მდე ქართველის დეპორტაცია მოჰყვა.
„ემიგრანტებს ეშინიათ საკონსულოების. არ დავასახელებ მაშინდელი ელჩის სახელს, მაგრამ ჩვენი წინა ხელისუფლების დროს, 2007 თუ 2008 წელს, იტალიაში იყო შემთხვევა, რომ საქართველოს საკონსულოს აღრიცხვის მონაცემები იტალიელ სამართალდამცავებს გადასცეს და ერთ ღამეში 3 000 კაცამდე გადეპორტდა. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობა არის დაკარგული“,- აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები