„ქართუს“ დირექტორი: მიმდინარეობს რაგბის კიდევ სამი ბაზის მშენებლობა

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს.ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობს: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია და სამოა.
საქართველოს ნაკრები წელს უკვე მეორედაა 20 წლამდელთა ჩემპიონატში ჩართული, თუმცა ასეთი რანგის ჩემპიონატი საქართველოში წელს პირველად ტარდება.
ქართველ მორაგბეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ქართუ ჯგუფს”, რომელიც უკვე მრავალი წელია ახორციელებს რაგბის სპეციალურ პროგრამას, რაც საქართველოს ნაკრების დაფინანსებასა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-კეთილმოწყობას გულისხმობს.
“ქართუ ჯგუფი“ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს რაგბის სპეციალურ პროგრამას, რომელიც ორი სეგმენტისგან შედგება – ჩვენი ჯგუფი ერთი მხრივ, ეხმარება და აფინანსებს საქართველოს ნაკრებს ყოველწლიურად სოლიდური თანხით, ხოლო მეორე მხრივ, ახორციელებს სპეციალურ სამშენებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით რაგბის ბაზები და სტადიონები აშენდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ სამი ბაზის მშენებლობა, თბილისსა და თელავში, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება, რის შემდეგაც “ქართუ ჯგუფის“ მიერ აშენებული ბაზების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება. საბოლოო ჯამში ორივე მიმართულებით “ქართუ ჯგუფის“ მიერ დახარჯული თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას, მე ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი რაგბის სფეროში “ქართუ ჯგუფის“ ჩართულობაცაა. ჩემი ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად ჩათვალა ის პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის სფეროში განხორციელდა და ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება გადაწყვიტა, ეს კი, ბუნებრივია, მაღალი დონის ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს ფონდი “ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკო ჩხეტიანი.
მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება – თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები