„ჯიბის კაცის” საუკეთესო ანიმაციების რიგებში მოხვდა

 ქართული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი” ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის საუკეთესო 12-ეულში მოხვდა. 27 წლის ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ფილმი ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა. New-York International Children’s Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს „თი-ბი-სი სტატუსის“ საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge -ს დახმარებით იმყოფებოდა.
„ჯიბის კაცის” ჩვენება ფრანგულ ტელევიზია Canal+ზე იგეგმება. ანას ნამუშევარმა დამატებით მონრეალის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება მოიპოვა და მომავალში 16-მდე სხვადასხვა კინოფესტივალზე წარდება.
პლატფორმა statusdonates.ge-ს დახმარებით კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ – 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება. საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები