28-29 მარტს საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია მწვავედ დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე, ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იქნება აგრეთვე აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართული მხარე ტრადიციულად დასვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება ერთადერთ ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის მიზანიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციოს ხაზის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა.
სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის უარი ძალის გამოყენებაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლაპარაკებების პროცესს და არსებით მონაწილეობას მიიღებს ორივე სამუშაო ჯგუფის განხილვებში.
თავის მხრივ, საქართველოს დელეგაცია კვლავ ადასტურებს კონსტრუქციული მუშაობისათვის მზადყოფნას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები