ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა სპეციალური ბრძანება გამოსცა

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ბრძანება გამოსცა.
როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ბრძანების თანახმად, შსს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს  უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებს დეტალურად გააცნობს.
„მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ-პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, ამ პირს არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე მას გააფრთხილებს ამის თაობაზე და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი საქართველოს მთავრობის დიდი შრომის შედეგია. მისი თქმით, ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის.
„ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები