დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა – “მოთამაშე ანარეკლები” გაიხსნება

28 მარტს, 19:00 საათზე, არტგალერეა „ვაკეში“ დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა “მოთამაშე ანარეკლები” გაიხსნება.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მხატვრის ფეისბუქის გვერდზე წერს:  „პირველი, რაც ნათლად ჩანს დავით ბაძაღუას შემოქმედებაში, არის იმპროვიზაციის, თამაშის, წარმოსახვის აშკარა ნიჭი. ცხადია, ეს ხდება მხატვრული ენის ფლობის თითქმის თანდაყოლილი უნარის საფუძველზე, რომელიც მან განავითარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლისა და საკუთარ თავზე დაუზოგავი მუშაობის პროცესში. მხატვრული ენის ფაქტორებიდან უპირველესად, თვალში საცემია აშკარად გამოხატული კოლორისტული ნიჭი. ხანდახან შეიძლება, რიგი მისი გადაწყვეტებისა, სადაოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის რომ ფერით აზროვნებს, უდავოა.
ამასთანავე, ეს არ არის უბრალოდ დეკორატიულად მეტყველი ფერი, არამედ იგი დაკავშირებულია ფერწერულ სტრუქტურასთან, გარკვეული ტიპის ნახატთან და შესაბამისად, ამგვარი სტრუქტურის თითქმის თანდაყოლილ გრძნობასთან. ლაქები, მონასმები, მასტეხინისა თუ ფუნჯის კვალი, მასალის (ძირითადად – აკრილი, ზეთი, გუაში, აკვარელი) გრძნობა, იმპროვიზირება და მხატვრული თამაში სასურათო ზედაპირზე ხშირად წარმატებულ რეზულტატს იძლევა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს თვითმიზნური, მარტივი და ცალსახა არასოდეს არის, არამედ მიმართულია სურათის სახოვანების შექმნაზე. დავით ბაძაღუას განსაკუთრებით ეხერხება მუშაობა აბსტრაქტული და კონკრეტული სახვითი წყობის ზღვარზე. ცხადია, ნამუშევართა მთელ რიგ სერიებში უფრო კონკრეტიკა ჭარბობს, ზოგში მეტია აბსტრაჰირება, თუმცა იქაც ზოგიერთი ფორმა ასოციაციებსა და სახეებს ბადებს. ეს ამძაფრებს მისი სურათის პოლიფონიურ წყობას. მის შემოქმედებას ახასიათებს სერიულობა. განსაკუთრებით გამოვყოფდი რამდენიმე პეიზაჟს, ნატურმორტს და თავისუფალ კომპოზიციებს, რომლებიც მუსიკალურობით ხასიათდება. ყველა ამ ნიშნის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ მხატვართა რიგებს, დათო ბაძაღუას სახით, კიდევ ერთი საინტერესო ინდივიდუალობა შეემატა“, –  გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე.
გამოფენა 28 მარტიდან – 8 აპრილამდე გაიმართება. მისამართი: აბაშიძის ქ. №47.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები