უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთში შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა 04:55 საათზეა დაგეგმილი. ამასთან, შემდეგი რეისი ათენის მიმართულებით 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს. მესამე პირდაპირ ავიარეისი კი თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით 05:35 საათზე შედგება.
რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებს, ბუდაპეშტის მიმართულებით, რეისი 05:45 საათზე შესრულდება, ასევე, ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.
ხვალიდან, 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში ექნებათ.