არჩილ თალაკვაძე: ჩვენი თითოეული თანამოქალაქე, რომელიც შენგენის ზონაში უვიზოდ შევა, ხდება საკუთარი ქვეყნის ელჩი

„ჩვენი თითოეული თანამოქალაქე, რომელიც შენგენის ზონაში უვიზოდ შევა და იმგზავრებს, კიდევ უფრო მეტად ხდება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი, საკუთარი ქვეყნის ელჩი“, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ევროპამ საქართველო თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, თავისი აწმყოთი და მომავლით, მთელი გულით მიიღო.
“ყველაფერ ამით არ მთავრდება, ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისათვის სვლას აგრძელებს. ჩვენი თითოეული თანამოქალაქე, რომელიც შენგენის ზონაში უვიზოდ შევა და იმგზავრებს, კიდევ უფრო მეტად ხდება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი, საკუთარი ქვეყნის ელჩი. ჩვენი ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებასა და ევროპულ სტრუქტურებს შორის არსებობს სრული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში – მათ შორის რეადმისიის, საპოლიციო და დიპლომატიურ სფეროებში. წინასწარ ყველა ის მექანიზმი შევქმენით, რომელიც მომავალში, სხვადასხვა ვითარების კონტროლისთვის და მართვისთვის დაგვჭირდება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ გაიზიაროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, 2016 წლის შემოდგომიდან ხელისუფლებამ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გაძლიერდა და მომავალი თვეების განმავლობაში, ამ პროცესში პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
“თითოეული ადამიანი, მოსახლეობასთან შეხვედრებით, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა რეგულაციები და წესები არსებობს უვიზო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.
28 მარტიდან საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები