თენგო ავსაჯანიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება

29 მარტს, 19:00 საათზე, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში თენგო ავსაჯანიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება მკითხველის შეხვედრა პოეტთან. ამ დღესთან დაკავშირებით პოეტი ჯუბა ღებელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„როცა მეგობარს ეხება თემა, საუბარს ერიდები…
მაგრამ თუ ის მეგობარი პოეზიის კვარცხლბეკზე დგას, თუ მისი კაცობისა და პიროვნული თვისებები ამ პოეზიის თანაზიარია, თავს უფრო მშვიდ გარემოცვაში გრძნობ და თამამად გამოხატავ სათქმელს…
თენგო ავსაჯანიშვილი თანამედროვეობის გამორჩეული პოეტი და მოღვაწეა…
დიახ, მოღვაწეობა ჰქვია იმ ღვაწლს, რასაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე აკეთებს ლექსით თუ მაღალი ტრიბუნიდან ხმამაღალი შეძახილით თავისი კუთხისა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე…
თენგო ავსაჯანიშვილი თავისი მიწის ლიბოზე ამოზრდილი ფესვია, სიტყვის წარმოთქმისთანავე სადაურობას რომ განგაცდევინებს…
თენგო ის სისხლია, მშობლიურ მიწიდან რომ მოჟონავს…
თენგო მშობლების უსურათო საფლავზე ცოცხლად მდგარი ქვა და ძეგლია…
არც ხმამაღალი და არც სიტყვაძუნწი შემოქმედია, მაგრამ თავისი ეშხით, სიტყვის მანერით და კილო-კავით, მაშინთავე ატყვევებს მსმენელს…
ამ ბოლო დროს უცნაურმა სენმა შემოუტია… პოეტი და სიკვდილი უფალთან გაიგივებული ცნებებია და ვის, თუ არა პოეტს ძალუძს მასთან თანაბარ დონეზე საუბარი… ვინ, თუ არა პოეტმა იცის, როგორც დიდი ვალერიან საღლიანი ამბობდა – აქეთაც ქარაფებია, იქეთაც ქარაფებია, მოვკვდებით? არაფერია, ვიცოცხლებთ? არაფერია…
თენგო მკურნალობს (უფალზე მინდობილი კაცი ამაზეც ძლივს დავითანხმეთ)…
მკურნალობა ნაყოფიერია… გვინდა ეს საღამოც ნაყოფიერი და ხალხმრავალი იყოს, როგორც ეს  მის ყოველ საღამოზე ხდება…
საქველმოქმედოს არ ვარქმევთ ამ ღონისძიებას (თავად არ ინება)… მისი წიგნის შეძენაც პატივი არის შემოქმედისთვის…
მაშ, გიწვევთ მეგობრებო თენგო ავსაჯანიშვილის საღამოზე, სადაც პოეზიის ნამდვილი დღესასწაული გელით…
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა, ამინ!“…-  წერს ჯუბა ღებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები