ლონდონში უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბესტავაშვილი გარდაიცვალა

ამ დღეებში, ლონდონში, საკუთარ სახლში  სამი შვილის გარემოცვაში, 109 წლის ასაკში გარდაიცვალა უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბესტავაშვილი, – ამ ინფორმაციას „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი ატყობინებს. „მას მთელი არსებით უყვარდა საქართველო, მუდამ მის გულისცემაზე იყო მიყურადებული და მის ბედსა თუ უბედობას თავისად განიცდიდა..
მე წილად მხვდა ბედნიერება, უამრავჯერ შევხვედროდი ამ დიდებულ ქართველს და მუდამ მაოცებდა მისი პიროვნული სიძლიერე და გაუტეხლობა. ის იყო ნამდვილი ბრძენკაცი, ვისგანაც შეგეძლო ცხოვრება გესწავლა, ბევრ რამეზე სხვანაირად დაფიქრებულიყავი. მას უზომოდ უყვარდა სიცოცხლე და ბოლო ამოსუნთქვანდე ყველაფერი აღელვებდა და აინტერესებდა. იღბლიანი გამოდგა იმით, რომ შვიდი ათეული წლის განმავლობაში გვერდით ჰყავდა ფანტასტიკური მეუღლე თორა ედუარდსი (რომელიც ორი წლის წინათ გადაიცვალა 100 წლის ასაკში), ასევე ბოლომდე არ გასჭირვებია გადაადგილება, საკუთარი სხეულის ტარება. ყველაზე დიდ იღბლიანობად კი ალბათ ის უნდა ჩაითვალოს, რომ იგი მოხუცთა თავშესაფარში, ანდა მარტოობაში კი არ შეხვედრია სიკვდილს, არამედ მზრუნველი და მოსიყვარულე შვილების – მერის, გოგის და ქრისტინეს თვალწინ აღესრულა. იგი სიკვდილზე ისე შინაურულად ლაპარაკობდა ხოლმე, თითქოს მეორე ოთახში ეგულებოდა… მახსოვს, ორი წლის წინათ მეუბნებოდა: „უკვე ისე ახლოს ვგრძნობ სიკვდილს, თითქოს უკვე ხელი ხელზე გვიკიდიაო…“ – აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.
მისივე თქმით, ალექსანდრე ბესტავაშვილს განგებამ უაღრესად ტევადი და მღელვარე ბედის სცენარი არგუნა, რომელსაც ნიჭიერი მწერლის ხელში მოხვედრა მშვენიერ ლიტერატურად გადააქცევს. მისი არქივი უამრავ ცნობასა და ჩანაწერს ინახავს პარიზისა და ლონდონის ქართულ ემიგრაციაზე. მის ჩანაწერებში მრავალ ისეთ ფაქტს წააწყდებით, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებრიობისთვის. მათი გამომზეურება უცხოეთში გაფანტული რამდენი ქართველის სახელს გააცოცხლებს?! ბევრ მათგანს ოჯახი არ შეუქმნია, ისე აღესრულა და ამდენად მომგონებელიც არ დარჩენია. ისე, რომ შესაძლოა, მხოლოდ ამ ჩანაწერებშია შემორჩენილი მათი კვალი?!
აი, რას წერდა ალექსანდრე ბესტავაშვილი დღევანდელობაზე:
„მე იმაზეც ბევრს ვფიქრობ, ეს ამოდენა ქართველობა რომ დაიძრა უცხოეთისკენ… თან ვერ გავამტყუნებ მათ წადილს, ყველას უნდა უკეთესად ააწყოს თავისი ცხოვრება… მაგრამ მე ძირისძირობამდე ვიცნობ ქართველის ბუნებას, არ დაიჯეოროთ რომ მათ სამუდამოდ დატოვონ ქვეყანა. აი, ნახეთ, ქართველები გავლენ უცხოეთში, კარგად მიმოიხედავენ, ასწონ–დასწონიან და მიხვდებიან, რომ საქართველოზე უკეთესი ქვეყანა ძნელად თუ მოიპოვება დედამიწის ზურგზე.
ჩვენ ევროპელებზე წინწასწრებული ხალხი ვართ ჩვენი საამქვეყნიო შეგნებითა და სულიერებით. ევროპელს თუ მილიონი არ უდევს ბანკში, თავი უბედურად მიაჩნია. ჩვენ კი, ქართველებმა, ნამდვილად მეტი  ვიცით ღირსეულად ცხოვრების არსზე! შეიძლება ცოტა გვქონდეს, მაგრამ ისე გავანაწილებთ, რომ ბევრ მილიონერს გაუჭირდება მსგავსი აზრი მიანიჭოს თავის ცხოვრებას. რადგან ჩვენ მარტო ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, სხვისი გაჭირვებაც შეგვიძლია გულთან ახლოს მივიტანოთ, დავეხმაროთ და ფეხზე დავაყენოთ. სწორედ ეს არის ქართული ხასიათის სიძლიერე და განუმეორებლობა! ნახეთ, ეს უცხოეთში გადმოზღვავებული ხალხი როგორ ეხმარება საქართველოში დარჩენილ ახლობლებს, ესენი ასულდგმულებენ აქედან. მატერიალური გაჭირვება სამუდამო არ იქნება, ამას როცა იქნება, თავს დავაღწევთ, მთავარია, რომ ჩვენ უდიდესი შინაგანი კულტურა მოგვდგამს და ეს ის თვისებაა, რომელსაც ვერ შეიძენ. სწორედ ეს ღირებულება მიგვიყვანს კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები