გრიბოედოვის თეატრი ბელორუსიის საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება

24 მარტს ალ. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით: „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ბელორუსიის საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე წარდგება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, XII საერთაშორისო თეატრალური ფორუმი „M.ART. კონტაქტი“  2006 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ქალაქ მოგილიოვში იმართება.  ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია – შექმნას შემოქმედებითი პლატფორმა სხვადასხვა სახეობის თეატრალური წარმოდგენებისთვის. 2017 წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი კოლექტივები აშშ-დან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. საუკეთესო სპექტაკლებს ფესტივალის ჟიური დააჯილდოვებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. წარმოდგენის  დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი – მირიან შველიძე. 2013 წელს სპექტაკლი  საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით დაჯილდოვდა, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ნინო ნინიძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები