„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი ორ ცნობილ მუსიკოსთან ერთად გაიმართება

27 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ მორიგი კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობს არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ლუქსემბურგელი მევიოლინე სანდრინე კანტორეჯი და იაპონიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე და დირიჟორი – გიორგი ბაბუაძე.
მედიამ სანდრინე კანტორეჯის შესრულებას „მეფეების სიმღერა“ უწოდა. მას ფართო რეპერტუარი აქვს, დაწყებული ბაროკოს ეპოქიდან თანამედროვე მუსიკის ჩათვლით და  აქტიურად მოღვაწეობს, როგორც სოლისტი და კამერული მუსიკის შემსრულებელი. სანდრინეს უთანამშრომლია ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან: იეჰუდი მენუჰინი, ვლადიმირ სპივაკოვი, იური ბაშმეტი, ჟორჟ ოქტორი, იან შტულენი, სტეფან დენევი, მარკ სტრინგერი, დორიან უილსონი და სხვა. მონაწილეობა მიუღია მსოფლიოში აღიარებულ ფესტივალებში – საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში.
2009 წელს, მისმა უდიდებულესობა ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა – ანრიმ მას „რაინდის“ წოდება მიანიჭა მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში. ხოლო ლუქსემბურგის საერთაშორისო ბანკმა მევიოლინეს მისი ღირსეული მოღვაწეობისათვის ჯ. ბ. გვადანინის, 1754 წლის უნიკალური ვიოლინო გადასცა.
დირიჟორი და მევიოლინე გიორგი ბაბუაძე 1986-1991 წწ.-ში სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი გახლდათ. 1985-1988 წწ. ცხინვალის და  რუსთავის კამერული ორკესტრების I ვიოლინო იყო.
1986-1993წწ.-ში გიორგი ბაბუაძე თბილისის ექსპერიმენტული სკოლაში და თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1989-1993წწ.-ში იგი საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო, ხოლო 1990-1993წწ. – ბათუმის ოპერის თეატრის დირიჟორი.  1993-1996 წწ.-ში იგი მილანის Orchestra Guido Canteli-ს I ვიოლინო  გახლდათ.
1996 წლიდან გიორგი ბაბუაძე იაპონიაში გადადის საცხოვრებლად და იქ იწყებს აქტიურ მოღვაწეობას, როგორც მევიოლინე და როგორც დირიჟორი. გიორგი ბაბუაძე ოსაკას სიმფონიურდა კანზაის ფილარმონიულ ორკესტრებთან თანამშრომლობს, როგორც კონცერტმაისტერი და დირიჟორი. ასევე განაგრძობს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას და მუშაობს ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგად. მას,  როგორც სოლისტს, კამერული ანსამბლების შემსრულებელსა და დირიჟორს, ფართო რეპერტუარი აქვს. იგი მოიცავს ნაწარმოებებს, სოლო ვიოლინოს ნაწარმოებებიდან დაწყებული საოპერო ჟანრის ჩათვლით. გიორგი ბაბუაძეს კონცერტები გაუმართავს არაერთ ქვეყანაში: საქართველო, იაპონია, ლატვია, იაპონია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, სინგაპური, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, აშშ.
27 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად სწორედ ეს ორი მუსიკოსი წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე და შესრულდება: ი.ს. ბახის, ფ. მენდელსონის და ე. გრიგის ნაწარმოებები. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები