„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სოფიის კინოფესტივალის პრიზიორია

 ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა, სადაც იგი საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების შემდეგ, ეს ქართული ფილმის მორიგი წარმატებაა.
პრიზი ფილმის რეჟისორებს ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს გადაეცათ.
სოფიის კინოფესტივალი 9-19 მარტს გაიმართა. კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართულ ფილმთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ცამეტი მხატვრული ფილმი იყო წარდგენილი.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც 3 თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. უეცრად კი 52 წლის მარინა ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს!
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. “ნეტფლიქსის” პრემიერამდე კი, 2017 წელს, ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები