„იმედი მაქვს, მთლად სისხლი არ გაგვყინვია!“ – ფერეიდნელი ქართველების ანსამბლი კახეთში კონცერტებს გამართავს

საქართველოში 15 მარტს ჩამოვიდა ფერეიდნელი ქართველების 12-კაციანი დელეგაცია, რომელიც კახეთის 4 რაიონში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა მალხაზ მელქუაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არა მარტო მეგობრებო, გააზიარეთ და მოუწოდეთ ადამიანებს,  იმედი მაქვს, მთლად სისხლი არ გაგვყინვია! ყველას გვეხება ეს სტატუსი.
როგორც უკვე იცით, არაერთხელ დავაანონსე, 15 მარტს საქართველოში, კერძოდ, კახეთში ჩამოდის 12-კაციანი ფერეიდნელთა დელეგაცია. ეს ის ქართველები არიან, 400 წლის წინ შაჰ-აბასმა რომ გადაასახლა ირანში, თუმცა მათ მაინც შეინარჩუნეს ქართული ენა და გადასცეს თაობებს.
ზემოთ აღნიშნული დელეგაცია კახეთის 4 რაიონში გამართავს კონცერტებს. ესენია: (ახმეტა) ალვანის კულტურის სახლი, 17 მარტი, 15:00 საათი! თელავი, 23 მარტი. ლაგოდეხი, 20 მარტი, საგარეჯო, 24 მარტი. გარდაბნის რაიონი სოფელი გამარჯვება, 25 მარტი.
მივმართავ კახეთში ორგანიზაციებს. ამ ადამიანებს, უნდა დავათვალიერებინოთ კახეთის ყველა ღირსშესანიშნაობა და ქართული კულტურა გავაცნოთ. თუ ვინმეს ან რომელიმე ორგანიზაციას გაუჩნდება სურვილი, შესაძლებელია ვასტუმროთ ეს ადამიანები და უფრო მეტი ვაჩვენოთ. ისინი იმსახურებენ ჩვენს დიდ ყურადღებას.
აქვე დავამატებ, რომ ლაფანყურის საჯარო სკოლამ გამოთქვა სურვილი და 21 მარტს მათ ლაფანყურის საჯარო სკოლა უმასპინძლებთ. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი იყოს მათი მასპინძელი და შეძლებისდაგვარად დავესწროთ მათ კონცერტებს.
ველოდები გამოხმაურებას თქვენი მხრიდან. რაც შეეხება კონცერტების თარიღს, აუცილებლად იხილავთ ხვალ ჩემს ფეისბუქგვერდზე. ძალიან მძიმე მოსასმენი ვიდეოა. არ ვაპირებდი ამ ვიდეოს გამოქვეყნებას, მარა იმიტომ ვდებ ამ ვიდეოს, რომ ვერანაირი გზით ვერ მივიღეთ სახელმწიფოსგან დაფინანსება ამ ადამიანების სტუმრობისთვის და მინდა ნახონ ადამიანებმა, როგორ უნდათ მათ საქართველოში დაბრუნება, თუმცა… მოკლედ მე ავიღე ჩემ თავზე ამ ადამიანების მასპინძლობა, რადგან სხვა გზა ვერ ვნახე და მე იმედი მაქვს, ყველა მიიღებთ მონაწილებას და მოხვალთ მათ კონცერტებზე. მე კიდევ მჯერა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ“! – აღნიშნავს მალხაზ მელქუაშვილი.
მომღერალი მალხაზ მელქუაშვილი ფერეიდანში ჩავიდა, რომ აღმოეჩინა სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ფერეიდნელები და მათთვის ქართული სიმღერა და დაკვრა შეესწავლებინა. მან ეს ყველაფერი წარმატებით განახორციელა, მეტიც, მას ესტუმრა ფერეიდნელთა თორმეტკაციანი ჯგუფი.
ჯგუფის წევრები მალხაზ მელქუაშვილთან ერთად მოივლიან კახეთს და წარმოაჩენენ საკუთარ თავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები