ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგა.
როგორვ „კვირას“ ორგანიზატორბმა განუცხადეს, ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის 100-მდე უცხოენოვანი თარგმანი და ქართველი გამომცემლების წიგნები.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2013 წლიდან მონაწილეობს. სტენდი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.
წიგნის ბაზრობა ლონდონში საგამოფენო ცენტრ „ოლიმპიაში“ გაიხსნა და 16 მარტის ჩათვლით გასტანს.
ბაზრობა ლონდონში ორმოცდამეექვსედ გაიმართა და 124 ქვეყნის საგამომცემლო სექტორის 25 000-მდე პროფესიონალს უმასპინძლებს. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია რამდენიმე ქართული გამომცემლობაც. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია ქართულ საგამომცემლო სახლებში სხვადასხვა დროს გამოცემული თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურა და ქართველი ავტორების უცხო ენებზე შესრულებული თარგმანები.
ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს ჩატარდა, ხოლო დღევანდელ სახელწოდებას 1977 წლიდან ატარებს. საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს შორის ლონდონის წიგნის ბაზრობას ინდივიდუალური ნიშა აქვს – მისი ცენტრალური თემა და ინტერესის საგანი საავტორო უფლებებია. ლონდონის წიგნის ბაზრობის პლატფორმა დიდწილად საგამომცემლო დარგის სპეციალისტებზეა გათვლილი – ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ავტორებისა და მათი წიგნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები