ამერიკული ფოტოჟურნალისტიკა საკუთარი გამოცდილების პრიზმაში
15 მარტს, 14:30 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით და მხარდაჭერით საქართველოში ამერიკელი ფოტოგრაფი და სამხედრო მრჩეველი სტეისი პირსალი ჩამოდის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამერიკელ ფოტოგრაფს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს და შეხვედრაზეც თავის სტუდენტებსა და ყველა მსურველს ეპატიჟება.
ფოტოგრაფი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ისაუბრებს ფოტოჟურნალისტიკისა და დოკუმენტური ფოტოს სპეციფიკაზე.
შეხვედრის მოდერატორია თამთა-თამარ შავგულიძე. შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმანით.
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ზუბალაშვილების 47, მეოთხე სართული, მედია ფაკულტეტი, 408-ე დარბაზი.
სტეისი პირსალის შესახებ:
სტეისი პირსალმა მოღვაწეობა 17 წლის ასაკში საჰაერო ძალების ფოტოგრაფად დაიწყო. სამხედრო სამსახურის პერიოდში მან 41 ქვეყანაში იმოგზაურა და გაიარა სამხედრო ფოტოჟურნალისტიკის პროგრამა სირაკუზის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კომუნიკაციის სკოლაში. სამი სამხედრო გაწვევის განმავლობაში მან მიიღო ბრინჯაოს ვარსკვლავი და საჰაერო ძალების ღირსების მედალი ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. ტრავმების და სამხედრო სამსახურის თავის დანებების შემდეგ პირსალი მუშაობას აგრძელებს, როგორც თავისუფალი ფოტოგრაფი. ის არის სამხედრო მრჩეველი, საჯარო სპიკერი, მწერალი, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და ქმნის „ვეტერანთა პორტრეტების პროექტს“.
პირსალი იყო ერთ-ერთი იმ ორ ქალბატონთაგან, რომლებმაც გაიმარჯვეს პრესის ფოტოგრაფთა ეროვნული ასოციაციის წლის სამხედრო ფოტოგრაფის კონკურსში და ერთადერთი ქალი,რომელმაც ეს ტიტული ორჯერ მოიპოვა. მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო, მათ შორის „Trojan Labor American Hero Award“, Daughters of the American Revolution Margaret Cochran Corbin Award. თეთრმა სახლმა მას ცვლილებების დამცველი უწოდა. სტეისი ფლობს სამხრეთ კაროლინას სამხედო კოლეჯ, „ციტადელ“-ის დოქტორის საპატიო წოდებას.
“ვეტერანების პორტრეტების პროექტი“ 2008 წელს დაიწყო, როდესაც პირსალი რეაბილიტაციას გადიოდა ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მიღებული ტრავმებისგან. მან პროექტთან ერთად 52 ქალაქში იმოგზაურა და 5000-მდე ვეტერანი გადაიღო.