მეუფე პეტრე „ერთსულოვნების“ თანამშრომლებს დაემშვიდობა – “ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”

“მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელევიზიის თანამშრომლებთან დამშვიდობებისას განაცხადა.
თანამშრომლებმა ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ტაშით გააცილეს. ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თანამდებობაზე დააბრუნოს. თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ამას მწვავე რეაქცია მოჰყვება.
საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის ვაკანტურ პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნას თავად ანდრიაძე არ ადასტურებს. “ქართული უნივერსიტეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არც შეთავაზება მიუღია და მსგავსი წინადადების შემთხვევაში, დირექტორობას ისედაც არ აპირებს.
ვინ გახდება საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორი, ამის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯერ არ მიუღია. როგორც ტელეიმედს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება ორ კვირაში გახდება ცნობილი.
საპატრიარქოს ტელევიზიაში დირექტორის თანამდებობა გუშინ მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიტროპოლიტი პეტრე სინოდმა ამ პოსტიდან გადააყენა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა, გიორგი ანდრიაძემ შეცვალოს. გუშინვე, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. თანამშრომლების სახელით განცხადება დირექტორის მოადგილემ, დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ გააკეთა. ისინი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ და უწმინდესს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მის დაბრუნებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები