16 მარტიდან საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

16 მარტიდან საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის მიხედვით დარეგისტრირდებიან. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია, ერთი მხრივ, აწესებს ახალ მიდგომებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, განსაზღვრავს პროვაიდერთა რეგისტრაციისა და რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოს.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროვაიდერების მიმართ დადგინდა მოთხოვნები, მომხმარებელთა საჩივრების მიღების წესისა და მათი განხილვის ვადების შესახებ. კერძოდ, წესის მიხედვით, პროვაიდერს განესაზღვრა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადა მომხმარებლის საჩივარზე რეაგირებისთვის. დოკუმენტი, ასევე, განუსაზღვრავს პროვაიდერს მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსებისა და დაცვის მოთხოვნებს, მათ მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგულ კომპანიაზე (სხვა პირზე) გადაცემისა და საგადასახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენების პირობებს. მსხვილ (მნიშვნელოვან) პროვაიდერს დაუწესდა დამატებითი მოთხოვნები წესებისა და პროცედურების, უსაფრთხოების ზომების, ასევე რისკების შეფასებისა და მათი შემცირების ღონისძიებების დანერგვის მიზნით.
ახალ წესში დაზუსტდა პროვაიდერის სათავო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც. საგადასახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მიღებით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აღნიშნულ წესში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში, კომერციულ ბანკებთან ერთად, საგადასახდო მომსახურებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები.
„აღნიშნულ პირებს დიდი წვლილი შეაქვთ მომხმარებლებისთვის საგადასახდო მომსახურების მიწოდების ნაწილში, როგორიცაა გადახდების განხორციელება თვითმომსახურების ჯიხურების მეშვეობით, გადახდები სატრანსპორტო საშუალებებში, ელექტრონული ფულის გამოშვება და მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების განხორციელება და სხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები