საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელორუსიის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად, დღეს ბელორუსიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელორუსიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსიაში – დავით კოტარია დახვდნენ.
ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაუწევს. ქვეყნის პირველი პირი, ვიზიტის ფარგლებში, 1-2 მარტს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.
გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდგომ, გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად, ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.
2 მარტს გიორგი მარგველაშვილი ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი ბელორუსიის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები