ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ სკრინინგცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ თბილისის მერიის “დაავადებათა სკრინინგის” ქვეპროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.
ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაფუძნებული დოკუმენტი ითვალისწინებს:

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებისა და პერსონალისთვის ლექციებისა და პრაქტიკული სემინარების ჩატარებას, კიბოს სკრინინგისა და პრევენციის მნიშვნელობაზე;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პერსონალისთვის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში ორგანიზებულად ჩართვის უზრუნველყოფა-ხელშეწყობას;
  • კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-საკონფერენციო შეხვედრების ერთობლივ ორგანიზებას.

როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია სკრინინგის პროგრამისა და კიბოს პრევენციის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდნენ არამხოლოდ  სასახლის თანამშრომლები, არამედ  აღსაზრდელებიც, რადგან ადრეულ ასაკშივე გააცნობიერონ და გამოიმუშაონ ის კულტურა, რომელიც საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვისაა აუცილებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მემორანდუმის გაფორმება მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე არ არის გათვლილი.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთელი გუნდი განათლებულ და ნიჭიერ თაობას გვიზრდის. ამ სიტყვების უკან უდიდესი შრომაა, რომელის იქითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის თქვენ დროს აღარ იტოვებთ. ამიტომ მზად ვართ, თქვენს შეზღუდულ დროზე მორგებული და თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ის უფასო გამოკვლევები, რომლებიც თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები