ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება და არ შეწყვეტილა

“C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა შეწყვეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა გრძელდება უწყვეტად, დაავადების სრულ აღმოფხვრამდე.
„მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „გილეადსა“ და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული 10-წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, საქათველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე, შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს. დღემდე, პროგრამაში 32 000-მდე პაციენტი ჩაერთო. შემთხვევების 90%-ში კი მკურნალობა წარმატებით დასრულდა. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგული ღონისძიებები. საქართველოს მასშტაბით, ტარდება უფასო სკრინინგული კვლევები, ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოსავლენად და მკურნალობის პროცესში პაციენტთა დროულად ჩასართავად, რაც უმნიშვნელოვანესია ასეთი დაავადების სამკურნალოდ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს. აშშ-ს CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად არიან ჩართული როგორც პროგრამის მიმდინარეობის შეფასების, ასევე, C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროგრამა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რაც ყოველწლიურად პროგრამაში 20 000-დან 30 000-მდე მოქალაქის ჩართვას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეწვიოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს (ფალიაშვილის 110), ჩაიტაროს სკრინინგი უსასყიდლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთოს პროგრამაში. ასეთივე მართვის ცენტრი სულ მალე ზუგდიდშიც გაიხსნება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები