პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობის წევრებმა შეიტანეს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა. ქვეყნის პირველი პირის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვისაც.
“პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ყველას გილოცავთ უაღრესად სასიხარულო ამბავს – მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მიმოსვლა უვიზოდ რეალურად ამოქმედდება. მოგეხსენებათ, ხვალ – პირველ მარტს, ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობის წევრებმა შეიტანეს. ამავე დროს, ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი. ქვეყნის პირველი პირის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოსა და ევროპას ამ წარმატებას ულოცავს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები