როგორ მივხვდეთ, რომ უკვე მშობიარობის დროა? – ჩაჩავას კლინიკა გირჩევთ
ორსულობის პერიოდში ქალმა საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს, ორსულობის მესამე ტრიმესტრში მინიმუმ 2-ჯერ, დილას და საღამოს აკონტროლოს არტერიული წნევა. ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ექიმი და თვითნებურად არანაირი მედიკამენტი არ უნდა მიიღოს.
მშობიარობა, შესაძლოა, განსაზღვრულ ვადაზე რამდენიმე დღით ადრე, ან პირიქით, გვიან დაიწყოს. ხშირია “ცრუ განგაშის” შემთხვევებიც.
როგორც ჩაჩავას კლინიკაში განმარტავენ, ქალმა სამშობიარო დაწესებულებას უნდა მიმართოს, თუ
აქვს რეგულარული სამშობიარო ტკივილები, კერძოდ, ათწუთიან შუალედში აქვს ერთი და მეტი შეტევა, რომელიც 20 წამის განმავლობაში გრძელდება. ასევე, როდესაც ქალს აღენიშნება სისხლდენა.
რაც შეეხება წყლების დაღვრას, მათივე განმარტებით, ნორმალურ პირობებში, ის ყელის სრული გახსნის დროს უნდა დაიღვაროს, თუმცა არსებობს წყლების ნაადრევად დაღვრის შემთხვევებიც.
თუ პაციენტმა მშობიარობის ოპტიმალურ ვადას გადააცილა და უკვე 41 ან 42 კვირისაა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სამშობიარო სახლში ვიზიტი, რათა შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს სამშობიარო ტკივილებისა და მოქმედების ხელოვნურად გამოწვევა.