„ვაინახების ხელოვნება“, „მონადირის მოგონებები“ და ხელოვნების სასახლე დიდი სიურპრიზის მოლოდინში

26 თებერვალს, 15:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნის „მონადირის მოგონებების” და ნონა ხანგოშვილის წიგნი-ალბომის „ვაინახების ხელოვნების“ ერთობლივი წარდგინება გაიმართება.
როგორც ნონა ხანგოშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გამოვიდა მამის, ხასო ხანგოშვილის ახალი წიგნი “მონადირის მოგონებები”.
ეს არის „დოკუმენტური მოთხრობები, სადაც იგი წერს თავის მოგზაურობებზე მთებში, ნადირობაზე, თევზაობაზე, საკუთარ განცდებზე, თავისი ცხოვრების მეგობრებზე, ვისთან ერთადაც უხდებოდა მოგზაურობა. წიგნი, რომელსაც სულმოუთქმელად გადაიკითხავთ, მოსწყდებით ყოველდღიურ საზრუნავს და პრობლემებს, აღმოჩნდებით მთების საოცარ სამყაროში, ბუნების ულამაზეს წიაღში, თითქოსდა, მართლაც ღმერთთან ახლოს… იგრძნობთ მდუმარე ღამეს, როგორ ამოდის ბადრი მთვარე მთების მიღმა და როგორ იპყრობს ის თითქოს მთელ სამყაროს თავის კაცობრიობისთვის უჩინარი, იდუმალი სილამაზით… დიდი სიურპრიზი ელით მათ, ვისაც უყვარს ნადირობა და თევზაობა… სიმართლე გითხრათ, ეს მამას მეხუთე წიგნია, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. როცა ის ხელში მიჭირავს და ვკითხულობ, თითქოს მამაჩემის სულიერ სამყაროსთან საოცარ სიახლოვეს ვგრძნობ და სულის სიღრმემდე განვიცდი მის თითოეულ სტრიქონს, ეს ერთადერთი წიგნია, სადაც ის საკუთარ თავზე წერს“…
ნონა ხანგოშვილი მადლობას უხდის წარდგინების ორგანიზატორს,  თავად ხელოვნების სასახლის დირექტორს, გიორგი კალანდიას,  ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში წვლილის შეტანისათვის.
წარდგინებას დაესწრებიან ქართველი და ქისტი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები და ა. შ. პანკისიდან სპეციალურად ჩამოვლენ სტუმრები. პატარა შემოქმედნი პანკისიდან, რომლებიც შეასრულებენ მუსიკალურ და მხატვრული კითხვის რამდენიმე ნომერს.
„მადლობას ვუხდით წიგნის რედაქტორებს ტარიელ ხარხელაურს და მის  მეუღლეს – მარინა ხარხელაურს, დიზაინერებს: ილნარი გორელიშვილს და ნათელა ტალახაძეს, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს ამ წიგნში და ასევე გამომცემლობა “მერიდიანის”, ასეთი კარგი და ხარისხიანი გამოცემისათვის“, – აღნიშნავს ნონა ხანგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები