მარიამ ფიცხელაურის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე „ოპიზარში“ ახალგაზრდა, უნიჭიერესი მხატვრის – მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
მარიამი მხოლოდ 14 წლისაა. იგი დაიბადა 2012 წლის 9 თებერვალს და ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა იმ დღიდანვე, როცა პირველად შეძლო ფანქრის ხელში დაჭერა. მისი ბუნებრივი ნიჭი და შეუჩერებელი სურვილი შემოქმედებისადმი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა. სამხატვრო სტუდიაში სიარული მარიამმა 11 წლის ასაკში დაიწყო, სადაც მისი შესაძლებლობები პროფესიონალურად განვითარდა.
მარიამი თბილისის 71 საჯარო სკოლის წარმატებული, ნიჭიერი და გამორჩეულად კრეატიული მოსწავლეა, რომელიც უკვე დღესვე გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვითა და ფერთა განსაკუთრებული შეგრძნებით. მისი პედაგოგია ქალბატონი ჯინა სამურგანიდი-ბერიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობით მარიამმა არაერთ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიაღწია.
ახალგაზრდა მხატვარს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში გამართულ ექსპოზიციებში. თუმცა, ეს გამოფენა მისთვის პირველი პერსონალური წარდგენა იყო ფართო აუდიტორიის წინაშე.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელი აღაფრთოვანა. მარიამის ფერთა გამა, ემოციური სიღრმე და ინდივიდუალური სტილი არავის ტოვებდა გულგრილს. მხატვრებმა და ხელოვნების მოყვარულებმა მას დიდი წარმატება უწინასწარმეტყველეს და მომავალში კიდევ უფრო დიდი შემოქმედებითი გამარჯვებები უსურვეს.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი: სოფი მაჭავარიანი.
მთავარ ფოტოზე: მარიამ ფიცხელაური და სოფი მაჭავარიანი





