პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირი, აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.
ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობასა და სასამართლოს მივიღებთ.
„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, ისეთი ცვლილებები, რომელთა თაობაზე და დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია ასობით ათასი ლარი იმისთვის, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო.
ასეთია მაგალითად, საქმეების ელქტრონული გადანაწილების სქემა. თუმცა, ამავე დროს, ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელ სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.
აქედან გამომდინარე, გამომდინარე ამ პაკეტისა და საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან, გადავწყვიტე, გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას.
ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.