ფსიქიკურად დაავადებულებს ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებდნენ – სერგეენკოს განცხადება

„კლინიკები მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან, ხშირ შემთხვევაში, დროზე ადრე წერდნენ. ამ ყველაფრის უკან კი ფინანსური ინტერესები იდგა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დამატებით კი განმარტა, თუ რამ გამოიწვია ფსიქიატრიული კლინიკის ექიმების აღშფოთება. დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, რომ კლინიკები მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ. მისივე განმარტებით, პაციენტი, ერთი თვის განმავლობაში, განმეორებით რამდენჯერმე შედიოდა იმავე ან სხვა კლინიკაში. მინისტრის განცხადებით, ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა , რომ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის ხარჯზე აკეთებდნენ.

„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება, პაციენტი, აბსოლუტურ შემთხვევაში, საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები, არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში, განმეორებით რამდენჯერმე შედიოდა იმავე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ. მწვავე ფსიქოზის დროს, პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან, რეალურად, ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტს ხმაურობენ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

აქვე მინისტრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ადამიანთა სამი ჯგუფი გამოიკვეთა: „ ადამიანები, რომლებიც ამ პაციენტებს რეალურად გულშემატკივრობენ, თუმცა ყველა დეტალში არ არიან ჩახედულნი. ჩვენ მათ სიამოვნებით გავარკვევთ სიტუაციაში; მეორე – ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ხეირი აინტერესებთ და მესამე – პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომელთა მიზანიც ნეგატივის წამოწევაა. რაც შეეხება პროგრამას, რომელიც არის დამტკიცებული, ცვლილებები, რომელიც გატარდა, მხოლოდ პაციენტების ინტერესებისკენ იყო მომართული და ეს ცვლილებები არ იქნება ბოლო“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები