ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს.
როგორც სერსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ის ბერკეტები, რომელიც ფორმალურად თუ არაფორმალურად გააჩნია. მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ თავად სურს, რომ ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს.
”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველა ვგულშემატკივრობთ ამ ადამიანს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი დავიხსნათ რუსეთში ექსტრადირებისგან. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ, რათა წარმოაჩინონ ისე, თითქოს თავად სურთ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა. ეს არის არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს. რაც შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც უკავშირდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას, ეს ყველაფერი ეფუძნება ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ინტერპრეტაციებით. სხვა ნებისმიერი სპეკულირება არის პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემაზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები