„თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს, თავი დაიცვას“

  უკრაინის პროცესებს სრულიად კიევის პატრიარქი ფილარეტი გამოეხმაურა. მან განცხადება ვლადიმერსკის საკათედრო ტაძარში, თავისი 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ წავა შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს, თავი დაიცვას. პატრიარქის თქმით, ეკლესია ხალხის გვერდითაა და განიცდის ყველა იმ ტანჯვას და მსხვერპლს, რომელსაც მოსახლეობა მაიდანზე განიცდის.
“ჩვენ გვინდა, რომ სისხლისღვრა და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში არ იყოს. არიან ხილული თუ უხილავი ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის დაყოფა. ჩვენ გვინდა ერთიანობის და მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ასევე გვინდა ევროპაში და არა საბაჟო კავშირში”, – განაცხადა ფილარეტმა.
კითხვაზე, როგორ აღნიშნა პატრიარქმა თავისი 85 წლის იუბილე, ფილარეტმა უპასუხა, რომ ეს მეორეხარისხოვანია.
“რაც შეეხება დღესასწაულებს და ჯილდოებს, როდესაც ხალხი იტანჯება, ამის დრო არ არის.  გვჯერა, რომ გაიმარჯვებს ხალხი და არა ის ძალები, რომლებიც საკუთარ ხალხს ებრძვის. ამიტომ, ჩვენ ვილოცებთ, რომ ღმერთმა უკრაინაში დაამკვიდროს მშვიდობა და თანხმობა. დღეს მთავარია უკრაინაში იყოს მშვიდობა და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე არ მივიდეს. ასევე მთავარი ამოცანაა, სისხლი აღარ დაიღვაროს. ქვეყანაში საგანგებო ვითარების შემოღება პრეზიდენტის და უმაღლესი რადას უფლებაა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლები იქნებიან შედეგებზე. იმ შეთხვევაში თუ ისინი არ წავლენ შერიგებაზე, ხალხს უფლება აქვს თავი დაიცვას”, – განაცხადა ფილარეტმა.
პატრიარქმა მოუწოდა ყველას, ილოცონ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შესარიგებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები