ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, საუბარი იყო ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის.
„თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხალხებს შორის ურთიერთობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გამო გაუარესდა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის – ეს იყო ელჩის გაწვევის საკითხი, ჩვენი ელჩის, პრაქტიკულად, გამოძევების საკითხი, ეს იყო სანქციების დაწესების საკითხი. ელჩი გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები და მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თუ იქნება ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ჩვენს ხელისუფლებებს შორის,”- აღნიშნა პრემიერმა.