„მე ახლა მაქვს შანსი გადავაქციო ოცნება რეალობად“

 როგორც საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მე ახლა მაქვს შანსი გადავაქციო ოცნება რეალობად, – ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას ავრცელებს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრობს.
„როგორც სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპული განმანათლებლობის მოაზროვნეების მემკვიდრეობამ. მე დავინახე, თუ როგორ აძლიერებს თავის მოქალაქეებს ჭეშმარიტად თავისუფალი და ღია საზოგადოება, რათა მათ მიაღწიონ თავიანთ ჭეშმარიტ პოტენციალს. მე ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ჩემი ქვეყანაც მიაღწევდა ამ მიზანს. როგორც საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მე ახლა მაქვს შანსი გადავაქციო ოცნება რეალობად.
ჩემმა წინამორბედმა დაიწყო ყოვლისმომცველი რეფორმების ტალღა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროს ეხება, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც საჭიროა ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და მისი რატიფიკაციისთვის. პრიორიტეტი მიენიჭა ჩვენი ეკონომიკის პოტენციალის გათავისუფლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოფლის მეურნეობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. ამ რეფორმების ხელშესახები გავლენა ჯერ კიდევ ახლა ჩნდება. ბოლო შეფასებები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა, 2014 წელს, 5-6%-ით გაიზრდება“, – აცხადებს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში არავინ იდგება კანონზე მაღლა.
„ჩვენი რეფორმები კარგად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის და სოციალური კეთილდღეობის კუთხით. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასამართლოს სამართლიანობა, გადავდგით ნაბიჯები საარჩევნო დემოკრატიის გასაძლიერებლად და დავიწყეთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის განხორციელება, ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციების გათვალისწინებით. წამება ციხეში, რომელიც ხდებოდა 2012 წელს, სანამ ჩემი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა, არასდროს განმეორდება. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არავინ იდგება კანონზე მაღლა. საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის პოზიციის გაზიარებას. ქართველები მსახურობენ ავღანეთში ნატოს მოკავშირეების მხარდამხარ. ჩვენ ასევე შევუერთდით ევროკავშირის უსაფრთხოების მისიას მალიში, ევროკავშირის მენეჯმენტ ოპერაციებს, ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს.
მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ დემოკრატიის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის მოტანაზე, რისთვისაც ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო ბოლო წლებში. ახლა, ჩვენი წარმატებაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ერს სცილდება. ახლა, უკრაინელები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უყურებენ საქართველოს დასტურისთვის, რომ მათი ევროპული ოცნება განაგრძობს არსებობას.
გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით საერთაშორისო საზოგადოებისგან და მთელი ევროპისგან საქართველოს მხარდაჭერას მისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში, რომელიც რუსეთთან დიალოგი გახლავთ. ამ დიალოგის პრიორიტეტული მიზანია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტიორობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს მათთვის, ვინც ახორციელებს რეფორმებს და ხელს უწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობას. ევროკავშირმა და საქართველომ ბევრი სარგებელი უნდა ნახოს ამ პარტნიორობის შედეგად. ერთად ეს წარმატება ფუნდამენტურად შეცვლის თანასწორობას აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ყველას საკეთილდღეოდ“, – წერს ღარიბაშვილი გაზეთ “ლე მონდში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები