“გერმანიის და საფრანგეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა მხარდაჭერამ დადებითი შედეგი მოიტანა”

„გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფოების მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა მხარდაჭერამ დადებითი შედეგი მოიტანა”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში 2016 წლის 16 დეკემბერს გამართულ გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანია-საფრანგეთს შორის წლების მანძილზე დამყარებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების მიმართულებით.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 25 წლის განმავლობაში გერმანიამ და საფრანგეთმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკურ – პოლიტიკური სტატუსის განმტკიცების კუთხით. ორივე ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზით საქართველოს სტაბილურ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის,” – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა საკუთარ მიმართვაში ასევე ისაუბრა გერმანია-საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამის დასტურად მიხეილ ჯანელიძემ ბოლო წლებში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა, ასევე მედიის თავისუფლების, საინვესტიციო გარემოს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და არჩევნების წარმატებით ჩატარება დაასახელა.
„წარმატებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად პოზიციონირებას და საშუალებას აძლევს ქვეყანას შეასრულოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ევროპის სატრანსპორტო და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია,”- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, მსგავსი მასშტაბის გერმანულ-ფრანგული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტური და გერმანული და ფრანგული ბიზნეს წრეების დაინტერესების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია. თბილისმა პირველად უმასპინძლა გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს, საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები