საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
,,საქპატენტის” ინფორმაციით, საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულების „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ხოლო ტაჯიკეთის მხრიდან – „პატენტებისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პარვიზ რაჯაბზოდა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას. ამ მიზნით, ტაჯიკეთის მხარის ინიციატივით, წინასწარ შემუშავდა მემორანდუმი, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოსო გიორგაძემ და პარვიზ რაჯაბზოდამ.
აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო „ტაჯიკეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური განვითარების ეროვნული სტრატეგია 2030 წლამდე“, რომელიც გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას იმ ქვეყნების საპატენტო უწყებებთან, რომლებმაც მიაღწიეს დიდ წარმატებას სამრეწველო საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასა და დაცვაში. ჟენევის შეხვედრის ფორმატში განხორციელებული მოლაპარაკებაც, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა, განპირობებული იყო საქპატენტის მნიშვნელოვანი მიღწევებით სამრეწველო საკუთრების ობიექტების რეგისტრაციისა და დაცვის სფეროში.
მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ხელს შეუწყობს მემორანდუმით გათვალისწინებული სამრეწველო საკუთრების სფეროში ინფორმაციის გაცვლა, პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, სამუშაო შეხვედრები და სხვა ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებები სამრეწველო საკუთრების როლის შესახებ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში”,- წერია ინფორმაციაში.