თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი.
თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული სიახლე თბილისის მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მეტროს მოდერნიზებას, მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ასევე, შეკეთდა მეტროს ვაგონები. დადგა ახალი ეტაპი – გადავედით ევროპული სტანდარტის ტიპის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე. ჩვენს ქალაქს 111 ვაგონი ხუთი წლის განმავლობაში მიეწოდება. მოქალაქეები მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით ისარგებლებენ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტს 111 ვაგონს (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) მიაწვდის.
ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე).
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.
დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა დღეს არსებული შემადგენლობები სრულად განახლდეს.